თბილისის ზღვა - ისტორია და წარსული
24/02/2021
„თბილისში მოსულს ეს მქონდა დარდად,
რომ არ მესმოდა აქ ზღვის ხმაური,
და... ისიც გაჩნდა თბილისის კართან,
სამგორის მხრიდან მოჰქრის ზღვაური…
გუგუნი მისი არა თავდება,
ხეებმა ხმები შეუწყეს ამ ხმას,
ვაშა თბილისის ზღვის დაბადებას! …
მე ზღვისპირელი კაცი ვარ ახლაც“.
- ასეთი ემოციური ლექსი მიუძღვნა თბილისის ზღვას ხუტა ბერულავამ, ქართველმა საბჭოთა პოეტმა და იგი არც პირველი და არც უკანასკნელი არ ყოფილა, ვინც სამგორის უდაბურ ველებზე აბობოქრებულ ტალღებს უძღვნა ოდა.
XIX საუკუნის 60-იან წლებში, “ევროპეიზაციის” მოტრფიალე მეფისნაცვალმა ალექსანდრ ბარიატინსკიმ, ინგლისელ ინჟინრებს აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მელიორაციის პროექტი შეუკვეთა. ეს პროექტი ითვალისწინებდა სამგორის უდაბურ და ვრცელ ველზე მდებარე სამი მლაშე ტბის ივრის წყლით შევსებას, ქალაქის სასმელი წყლით მომარაგებასა და სარწყავად გამოყენებას.
XX საუკუნის დასაწყისში, ცნობილ პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს, ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა იდეა,შეექმნათ ტბების კასკადი, რომლებიც ერთმანეთთან იქნებოდა დაკავშირებული და გარდა იმისა, რომ შეავსებდა ქალაქის მოთხოვნილებას სასმელ წყალზე, დადებით გავლენასაც იქონიებდა თბილისის მშრალსა და ცხელ ჰავაზე, თუმცა პროექტი იმ დროისთვის ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და უსახსრობის გამო მისი განხორციელება არ მოხერხდა.
Მოგვიანებით, უკვე საბჭოთა პერიოდში, კიდევ რამდენიმე პროექტი შეიქმნა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ინჟინერ პეტრე მამრაძის პროექტი განხორციელდა, რომელიც წინამორბედი პროექტებისგან სრულიად განსხვავდებოდა და ითვალისწინებდა სიონის წყალსაცავიდან წამოსული მდინარე ივრის წყალის მლაშე ტბებში ჩადინებასა და სასმელი წყლის გრანდიოზული რეზერვუარის შექმნას.
1946 წელს გამოცემული „თბილისის საიუბილეო კრებულის“ მიხედვით, მლაშე ტბების ტერიტორიაზე აუღია სტარტი მუშათა მოძრაობას, მომავალი დიდი ბელადის, იოსებ სტალინის ხელმძღვანელობით და აქ აფრიალებულა კონსპირაციულ ბინაზე (კლარა ცეტკინის ქ. N194) დაამზადებული დიდი დროშა მარქსისა და ენგელსის პორტრეტებით.
Უკვე მოგვიანებით,როდესაც თბილისის ზღვის ნაპირზე კულტურისა და დასვენების პარკის პროექტი შეიქმნა,ზღვის ერთ-ერთ უბესთან, კონცხზე არქიტექტურული ობელისკის აღმართვა იყო გათვალისწინებული წარწერით: „დიდი სტალინის ხელმძღვანელობით ამ ადგილას პირველად გაიმართა მაისობა“.
უდიდესი სიღრმეების პერიოდში ზღვის სიგრძე 12 კმ აღწევს, სიგანე - 2,5 კმ-ს, ხოლო სარკის ფართობი, დაახლოებით, 30 კვ. კმ-ია.
წყლის მაქსიმალური გამჭვირვალობა, რაც მას ზამთრის პერიოდში ახასიათებს, შეადგენს 9,4 მეტრს, მინიმალური - 2-3 მეტრს.
Თბილისის წყალსატევი,რომელსაც ქალაქელებმა სიყვარულით “ზღვა” შეარქვეს, ქალაქის მთავარი და ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონა უნდა გამხდარიყო. Პროექტის მიხედვით გათვალისწინებული იყო 27 მეტრის სიგანის სილის პლაჟი, გვირგვინოვანი ხეების სალტეები და საჩრდილობლები, ყველა ასაკის ბავშვისა და მოზარდისთვის აქტიური დასვენების ზონები, რესტორნები, შადრევნები, საცეკვაო მოედნები და სხვა.
პარკის პროექტი თბილისის საბჭოს აღმასკომმა დაამტკიცა, ქალაქის გამწვანების ტრესტი კი ძალიან მალევე შეუდგა მუშაობას.
1960იანი წლების დასაწყისში პირველი თანამედროვე ტიპის რესტორანი აშენდა, დანარჩენის განხორციელება კი გაურკვეველი დროით გადაიდო.
Სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ 1956 წელს თბილისის წყალსატევის ტერიტორიაზე 300 ჰექტარი ფართობის დენდროლოგიური პარკი გაშენდა, რომელიც თბილისის დაცული ტერიტორიის ნაწილია.
Თუკი თქვენც ჩემსავით გიყვართ თბილისის ზღვაზე სეირნობა და მისი ისტორიაც გაინტერესებთ,გირჩევთ აუცილებლად მოინახულოთ თემქის მხარეს,ცენტრალური პლაჟის შესასვლელთან არსებული ძალიან ლამაზი პანო,რომელზეც პოსეიდონი,ნერეიდები,ქალთევზები და სხვადასხვა მითიური პერსონაჟები არიან გამოსახული. Საბჭოთა პერიოდის სადა,მაგრამ გამორჩეული ბარელიეფი დღეს სავალალო მდგომარეობაშია და ვიდრე მხოლოდ ფოტოებს შემორჩება მოგონებად,მოასწარით და ნახეთ.